ოჯახური ფერმის წარმატების ისტორია ხორვატიიდან

ხორვატიის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრაჩევცის მახლობლად, სოფელ პოტნიანში, კოლაკების საოცარი ოჯახი 20 წელზე მეტია ფერმას მართავს.  GRUBE -ს წარმატების საფუძველი თანმიმდევრული ოჯახური შრომა და გამოცდილებაა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები აძლიერებს. 

მეურნეობის ისტორია 2005 წელს იწყება, როდესაც ოჯახმა მეწველი მიმართულების განვითარება გადაწყვიტა, კრედიტი აიღეს, მცირე პირუტყვის სადგომი ააშენეს და გერმანიიდან პირველი უშობელი ხბო, სტელა ჩამოიყვანეს. 

დღეს კი ფერმაში დაახლოებით 800 სული საქონელია, მათ შორის 230 - მეწველი. ჰოლშტინი, სიმენტალი, ლიმუზინი და უნგრული ნაცრისფერი - ძირითადი ჯიშებია, რომლებიც მეურნეობას სხვადასხვა საწარმოო მიმართულების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ფერმაში ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ადგილი აქვს. Lely-ს ავტომატიზებული საწველი სისტემა ძროხას საშუალებას აძლევს, თავად აირჩიოს წველის დრო, ცხოველი სენსორით იდენტიფიცირდება და სისტემა წველის პროცესს ავტომატურად მართავს. ინვესტიციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ. სწორედ ამ ავტომატიზაციის წყალობით ფერმაში ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ 12-14 ადამიანი მუშაობს. 

GRUBE-ს აქვს დიდი სახნავი ფართობები, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და საკვები კულტურების წარმოების შესაძლებლობა. შედეგად, მეურნეობას ძლიერი საკვები ბაზა აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირუტყვის სუქების მიმართულებისთვის. ეს უპირატესობა ფერმამ სერვისადაც აქცია: სხვა ფერმერებს საკუთარ საკვებ ბაზაზე პირუტყვის სუქებას სთავაზობს. საქონელი იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ფერმას აქვს ხორვატიის ხარისხის ნიშანი რძის წარმოებაში. 

კოლაკების ოჯახის მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებთ, რომ სოფლის მეურნეობაში შედეგი მაშინ დგება, როცა ცოდნა და პასუხისმგებლობა ოჯახში რჩება და თაობიდან თაობას გადაეცემა. 

რაც შეეხება ზოგადად დარგს, ბოლო მონაცემებით, ხორვატიაში 440 000-ზე მეტი სული მსხვილფეხა საქონელია, საიდანაც დაახლოებით მესამედი მეწველი მიმართულებისაა, ხოლო დანარჩენი ძირითადად მეხორცული. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი დარგია და მისი გაყიდვების მოცულობა უკვე 300 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირის ბაზარზე ხორვატია ხორცის ექსპორტიორია, თუმცა რძეში მოიკოჭლებს, ის  თვითუზრუნველყოფის მხოლოდ  44%-ს აწარმოებს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

 

რუსუდან გიგაშვილი ხორვატიიდან