როგორ გაერთიანდნენ ხორვატი მეთხილე ფერმერები დარგის გადასარჩენად
ხორვატიაში კოოპერატივების მიმართ საბჭოთა სტერეოტიპი თხილის სექტორში Naš Lješnjak-მა დაანგრია, რომელმაც ფერმერებს და საზოგადოებას დაანახა, როგორ შეიძლება გაერთიანებით უკეთესი საბაზრო პირობების, ხარისხის მართვის, საერთო ინფრასტრუქტურის შექმნა და მეტი სტაბილური შემოსავლის მიღება. კოოპერატივი 2022 წელს, მძიმე სეზონის შემდეგ შეიქმნა, როდესაც მწარმოებლებს კილოგრამ თხილში ერთ ევროზე ნაკლებს სთავაზობდნენ. მაშინ 91 ფერმერი შეიკრიბა და პრობლემის საპასუხოდ გაერთიანდნენ.
თავდაპირველი კაპიტალი მთლიანად წევრებმა შეიტანეს, თითოეულმა 300 ევრო. 2023 წლის ბოლოს კაპიტალი 45600 ევროს შეადგენდა. ბანკის დაფინანსებაზე უარის შემდეგ კოოპერატივმა განვითარება საკუთარი წევრების რესურსებით დაიწყო.
დღეს კოოპერატივი 243 წევრს აერთიანებს ხორვატიის სხვადასხვა რეგიონიდან. წევრთა უმეტესობა მცირე საოჯახო მეურნეობაა და საშუალოდ 3.3 ჰექტარს ფლობს. კოოპერატივის სისტემაში აღრიცხულია 1,022 ჰექტარი აქტიური თხილის ბაღი. 518 ჰექტარზე კი სერტიფიცირებული ორგანული თხილია გაშენებული. აქვთ ძლიერი და თანამედროვე ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული ბაზა.
კოოპერატივის სამი სეზონის მონაცემები კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი. 2023 წელს წევრებმა ბაზარს 142 ტონა თხილი მიაწოდეს და საშუალო ფასი კილოგრამზე 2.24 ევრო იყო. 2024 წელს მიწოდება 321 ტონამდე გაიზარდა, მაგრამ ფასი 1.86 ევრომდე დაეცა. ამ წელს ტკიპისა და ლპობის დაზიანებამ პროდუქციის 55% ყველაზე დაბალ ხარისხობრივ კატეგორიაში გადაიყვანა. 2025 წელს, როდესაც დაზიანება 9.7%-მდე შემცირდა, ფასი 3.42 ევრომდე გაიზარდა, ანუ 2024 წელთან შედარებით 84%-ით. გამოსავლიანობა ორივე წელს დაახლოებით 34% იყო.
ხორვატია გლობალურ ბაზარზე მცირე მოთამაშეა. 2024 წელს ქვეყანამ 3,348 ტონა თხილი აწარმოა. სექტორი პირდაპირ არის დამოკიდებული იტალიაზე. 2025 წელს ექსპორტის 99.6% იტალიაში წავიდა.
წელს ხორვატია, ისევე როგორც სხვა პატარა მწარმოებელი ქვეყნები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან. პირველ რიგში, ბაზრის ლიდერმა მიმწოდებელმა, თურქეთმა წელს მოსავალი დაახლოებით 810 000 ტონამდე გაზარდა, წინა წელს 518 000 ტონასთან იყო. შედეგად, ვარაუდობენ, რომ თხილის ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს.
კიდევ ერთი გამოწვევა ისაა, რომ ორგანული თხილის მწარმოებლები ევროკავშირის სქემით ჰექტარზე 516 ევროს იღებენ, მაშინ როდესაც სხვა პროდუტის კატეგორიაში მხარდაჭერა 1074 ევროა.
აქ 2020 წელთან შედარებით სასუქის ფასი 74%-ით, ხოლო ფერმის საერთო ხარჯები 40%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საბაზისო შემოსავლის მხარდაჭერა 130 ევროზეა შენარჩუნებული.
ამ ფონზე მიმდინარეობს ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის (CAP) ფართო რეფორმაც. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ წარადგინა წინადადება 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის, სადაც ფერმერების პირდაპირი შემოსავლის მხარდაჭერისთვის 300 მილიარდი ევროა გამოყოფილი, წინა შვიდწლიან პერიოდში გამოყოფილ 387 მილიარდთან შედარებით 22%-იანი ნომინალური კლებაა (ინფლაციის გათვალისწინებით 30%-მდე). პირველად 1962 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობას ცალკე გამოყოფილი ფონდი აღარ ექნება. თუმცა, ეს წინადადება ჯერ ისევ მოლაპარაკების ეტაპზეა და დარგის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათთვის სასიკეთო იქნება.
რაც შეეხება კოოპერატივს, Naš Lješnjak ამ გამოწვევების მიუხედავად ყოველდღიურად ვითარდება, განსაკთრებით ტექნოლოგიების მიმართლებით. კოოპერატივის წევრებმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ARKOD-ის რუკაზე ნაკვეთებს, მოსავლისა და მიწოდების ისტორიას და ლოგისტიკას აერთიანებს. 2026 წლიდან მას ელექტრონული კენჭისყრის ფუნქციაც დაემატა. კოოპერატივი ასევე ხელმძღვანელობს ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებულ HazelNetის კვლევით ჯგუფს, რომელშიც 12 პარტნიორი ორგანიზაცია და ინსტიტუტი მონაწილეობს, სამეცნიერო პარტნიორი ოსიეკის აგრობიოტექნიკური ფაკულტეტია.
Naš Lješnjakის გამოცდილება აჩვენებს, რომ ხორვატიის მცირე თხილის მწარმოებლების მთავარი გამოწვევა მხოლოდ ფასი არ არის. მათ ერთდროულად უწევთ გამკლავება მცირე მასშტაბთან და დიდ კონკურენციასთან, ხარისხის არასტაბილურობასთან, დაავადებებთან, კლიმატურ ცვლილებებთან, მზარდ ხარჯებთან, ერთ ბაზარზე დამოკიდებულებასთან და რთულ სუბსიდირების სისტემასთან. რომ არა კოოპერაცია, ისინი ამ ბარიერებს ვერ გადალახავდნენ და გაყიდვების, ხარისხის მართვის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
რუსუდან გიგაშვილი ხორვატიიდან