ფერმიდან სტრიქონებამდე: როდის არის მედია ფერმერის პარტნიორი?
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით გამართულ AGRO FOOD EXPO 2026-ის ფარგლებში, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ (AGAJ) პანელური დისკუსია „ფერმიდან სტრიქონებამდე: როდის არის მედია ფერმერის პარტნიორი?“ გამართა.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა რუსუდან გიგაშვილი, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციისა (AGAJ) და „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე, IFAJ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
ერთსაათიანი შეხვედრა ფერმერსა და მედიას შორის ურთიერთობას, აგროჟურნალისტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო.
დისკუსიის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიმართა აგროჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის (IFAJ) პრეზიდენტმა სტივ ვერბლოუმ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ აგრარულ მემკვიდრეობასა და ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში სანდო აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა იცოდნენ, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც კარგად ესმით სოფლის მეურნეობის სპეციფიკა და აცნობიერებენ, რამდენი შრომა, ცოდნა და გამოცდილება დგას თითოეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა თუ წარმოების უკან.
სტივ ვერბლოუს განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის გადამოწმება, მისი სათანადო კონტექსტში წარმოჩენა და აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე მიწოდება.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მედიის, აგროსექტორის, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს:
• რატომ გვჭირდება დარგობრივი ჟურნალისტიკა და რა უშლის ხელს მის განვითარებას;
• როგორ დავიცვათ ფერმერი მცდარი ან დაგვიანებული ინფორმაციისგან;
• რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მედიასა და ინფლუენსერებს რჩევებისა და ფასიანი კონტენტის გავრცელებისას;
• როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი აგროკომუნიკაციას და როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია;
• რა შეუძლიათ გააკეთონ სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა სანდო აგრომედიის მხარდასაჭერად.
დისკუსია ორ თემატურ ნაწილს აერთიანებდა. პირველ პანელში ფერმერსა და მედიას შორის ურთიერთობის, დარგობრივი ჟურნალისტიკისა და თანამედროვე აგროკომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პირველი პანელის მონაწილეები:
• თამარ ბოლქვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
• თორნიკე სიხარულიძე, ბლოგერი, „ფერმიო“;
• რატი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
• ნიკოლოზ ბენიაიძე, ფერმერი, „შირაქის პროდუქტები“.
მეორე პანელი, „ინსტიტუციები და ფერმერი“, სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების, ბიზნესისა და განათლების სფეროს როლს დაეთმო.
მეორე პანელის მონაწილეები:
• მაგდა მემანიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი;
• ნონა სამხარაძე, დონორი, ALCP;
• მარიამ ტიშჩენკო, „ნუტრიმაქსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
• შორენა ჯაფარიძე, განათლების ექსპერტი.
![]() |
![]() |
![]() |
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფერმერების ხმას დაეთმო. მოდერატორმა აუდიტორიას გააცნო ფერმერების მიერ აგროჟურნალისტებისთვის დატოვებული გზავნილები და გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა აგროინფორმაციას ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით იღებს და ამ არხს ენდობა. შედეგებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოციალური მედიის მზარდი როლი აგროკომუნიკაციაში და სანდო, პროფესიული ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობა.
სესიის დასასრულს დისკუსია აუდიტორიის ჩართულობით გაგრძელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და პანელისტებთან ერთად ემსჯელათ ფერმერსა და მედიას შორის უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე.



