მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად

მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად თანამედროვე ეპოქაში, ნებისმიერი ქვეყნისათვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, დღეისათვის, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენმოდიფიცირებული სურსათი, ცხოველის საკვები, საკვებდანამატები, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის განვითარებამ აუცილებელი გახადა შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გატარება. „ბიოუსაფრთხოება ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმებისაგან, მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვას».

 
        ნანული   ტალახაძე, ქეთევან ლაფერაშვილი


 
თანამედროვე  ბიოტექნოლოგია  და  აგრობიომრავალფეროვნება



 
მედია დროის გამოძახილია და  ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკურ  თუ ეკონომიკურ  ცვლილებეთან ერთად იცვლება  მისი ინტერესთა სფერო და წინა პლანზე  იწევს  მოცემული პერიოდისათვის   დამახასიათებელი  რელევანტური  თემები.  დღეს მედიის გამოწვევაა  თანამედროვე  ტექნოლოგიებისა  და  ბიომრავალფეროვნების  სრულფასოვანი  გაშუქება  და განსაკუთრებულად, გენმოდიფიცირებული  ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი საკვები პროდუქტების   პოტენციური რისკები, რომლებიც არა მხოლოდ  ადამიანის სიცოცხლესთან და მის უსაფრთხოებასთან, არამედ  ქვეყნის  მთელ აგროეკოსისტემასთან არის დაკავშირებული.

ახალი ტექნოლოგიების  დანერგვამ და  დიდმა  მეცნიერულმა მიღწევებმა  საუძველი ჩაუყარა  თანამედროვე  ბიოტექნოლოგიას, რომელიც სათავეს იღებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან და თეორიულად ეფუძნება გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებს, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებს. დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება  თანამედროვე ბიოტექნოლო- გიით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული  პროდუქცია-ცხოველის საკვები, საკვებ- დანამატები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა და  კვების პროდუქტები, რომლებიც  უკვე  ორი ათეული წელია  საქართველოშიც მოიხმარება   და  მისი ავ-კარგიანობა  დიდი განსჯის საგანია როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ მედიაში.

ტერმინები-გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები,  გენური ინჟინერია, ბიოუსაფრთხოება და სხვ.  სწორედ მედიის   მეშვეობით  დამკვიდრდა საზოგადოებაში  და შეიძლება ითქვას,  ,,მოდურიც“ კი გახდა ამ თემებით აპელირება. რა თვისებები აქვს  გენმოდიფიცირებულ  პროდუქტს,  რამდენად  უსაფრთხოა ადამიანისთვის, რა ზომებს იღებს  ხელისუფლება  ამ პრობლემის მოსაგვარებლად  და ა. შ. -ეს ის თემებია, რომელსაც თითქმის ყველა მედიასაშუალება ეხმიანება და ქართული საინფორმაციო  სივრცე  გაჯერებულია იმ მითებისა  თუ რეალობის ნაზავით, რომელიც   პრობლემის  აქტუალიზებისა და, არც თუ იშვიათად,   მანიპულირების  საშუალებაც  ხდება. მედია ხშირად მისი  ინტერესებისამებრ  შეფუთულ  ინფორმაციას  სთავაზობს  აუდიტორიას  და  ეს თემები მედიისთვის  მაშინ  ხდება  აქტუალური,  როდესაც  კონკრეტული   დრამატული   ფაქტი  ხდება, ან  რომელიმე  არასამთავრობო  ორგანიზაცია  თუ  საჯარო  პირი  განცხადებას  გაავრცელებს  პრობლემის   შესახებ. ზოგიერთ  ბეჭდურ მედიაში  მყვირალა  და სკანდალური სათაურების  დამკვიდრებული პრაქტიკა  და ფაქტების  დრამატიზება  შიშისა და დაუცველობის  გრძნობებს  აღძრავს  ნაკლებადგათვითცნობიერებულ  მკითხველში,  სამაგიეროდ  პროდუქტი კარგად ,,იყიდება“.   მედია ნაკლებად  სიღმისეულად     აშუქებს ბიოუსაფრთხოების საკითხებს,  და,  უმთავრესად ერთი სეგემენტზეა ორიენტირებული  -გენმოდიფიცირებული  საკვები პროდუქტები  რამდენად საზიანოა ადამიანისათვის  და    დრამატიზებული  ფორმით  მოსალოდნელ  საფრთხეებზე  აპელირებს. ბეჭდურ მედიაში  ხშირად  ქვეყნდება ჯანმრთელობისათვის საზიანო  გენმოდიფიცირებული პროდუქტების  ვრცელი „შავი სია”,  ვკითხულობთ და   გვესმის შიშის მომგვრელი ფრაზები: ,,გენური ინჟინერიით შემქნილი საკვები საშიშია სიცოცხლისათვის“, ,,SOS – გნმ  პროდუქტი კლავს ადამიანს, შოკისმომგვრელი სტატისტიკა“,  ,,ამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანი არ ჰყოლია საქართველოს 1995  წლამდე“,   ,,თუ ასე გაგრძელდა, მალე გადავშენდებით“ და  სხვა ამდაგვარი,  ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და ერთ-ერთია  ამერიკისადმი ნეგატიური განწყობის შექმნა, საიდანაც დიდი რაოდენობით  შემოდის საქართველოში  გენმოდიფიცირებული  პროდუქცია.  ამ მხრივ  პოლიტიკოსებიც სცოდავენ და ხდება თემის პოლიტიზირება, რაც სწორედ მედიისთვისაა  „კარგი საკბილო“.  ამის გახმაურებული  მაგალითია პარლამენტარ  თემურ მაისურაძის განცხადება    დარგობრივი  ეკონომიკის  კომიტეტის სხდომაზე, რომ  მთელი თბილისი  გენმოდიფიცირებული   ნესვისა და საზამთროს გამო კუჭის აშლილობით დადის  და  მისი ოჯახის წევრები საზამთრომ მოწამლა. ეს  ფრაზა  თითქმის ყველა მედიასაშუალებამ ,,აიტაცა“, მოხდა  მისი  ტირაჟირება, რამაც

საზამთროს  გამყიდველების  თქმით, საზამთროს ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა   და დიდი ზარალი ნახეს.

ასევე, აჟიოტაჟი  მოჰყვა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის   2015  წლის 24 აპრილის ბრძანებას გნმ  სოიას შემოტანის  შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრებმაც  გააპროტესტეს და კონკრეტულად ,,მრეწველების“ ფრაქციის ლიდერმა  გოგი თოფაძემ  აღამასრულებელი ხელისუფლება  კანონის დარღვევაში და   გენმოდიფიცირებულ  სოიას  ,,ქურდულად“ შემოტანაში დაადანაშაულა.  დეპუტატის თქმით,   მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა  დადგეს   და გაერთიანდეს   ამ დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლადო. ეს თემა მედიამ   დროულად  ,,გააპიარა”,  ამ მიმართულების თითქმის  მეტ-ნაკლებად  ცნობილი და კომპენტენტური    ექსპერტების  კომენტარები  შესთავაზა საზოგადოებას.   ბიოლოგიის  დოქტორის, პროფესორ  დიანა ძიძიგურის განცხადებით:  ,,ახლახან მივაღწიეთ  იმას, რომ  ავკრძალეთ  სოიოს შემოტანა  ანუ გარემოში ინტროდუქცია, მაგრამ  პრობლემა მაინც არ გადაიჭრა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვაკონტროლებთ გნმ პროდუქციის  ავ-კარგიანობას“. გენმოდფიცირებული სოიოს  ,,ბედის“ განხილვაში   აქტიურად ჩაერთო სოციალური მედიაც. ერთ-ერთ კომენტარი ასეთი იყო:  ,, მრავალჯერ სცადეს სოიოსთვის რეპუტაციის შელახვა, და მაინც,  თამამად შეიძლება, მას დახლის ვარსკვლავი ეწოდოს. ცილის უნიკალური შემცველობის გამო მას მცენარეულ პროდუქტებს შორის ბადალი არ მოეპოვება“.

მედიასივრცეში მომრავლდა  მასალები, სადაც  მოსახლეობას მოუწოდებენ ტრადიციული  ბუნებრივი  სასუქების  მოხმარებას.  როგორც  ისტორიის  დოქტორი, პროფესორი  მედეა  ბურდული  ამბობს: ,,სოფლებში  ახლაც იყენებენ   დამწვარ ნაკელს, რომელსაც  მეორენაირად  პატივსაც  უწოდებენ.  დიახ, სიტყვა  ,,პატივი“ დაფასებას,  კარგად მოპყრობას  ნიშნავს  და ამავე დროს,  იგი  ბუნებრივი სასუქის აღმნიშვნელიცაა.  ,,მიწის  გაპატივება“  სწორედ  ჯანსაღი  და  ბუნებრივი მოსავლის  მიღების  მეთოდი იყო   და   დღესაც,  სოფლებში საკუთარი მოხმარებისთვის  ცალკე მოჰყავთ პროდუქტი    პატივით,   ხოლო   გასაყიდად ანუ სხვებისთვის მოსახმარად კი იყენებენ  ხელოვნურ სასუქს“ .

დღეს  მსოფლიოს მედიისათვის  ერთ-ერთი პრიორიტეტული  სფეროა ბიოუსაფრთხოება, რომელიც   დაკავშირებულია   თანამედროვე ბიოტექნოლოგიით  გნმ ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი პოტენციური რისკების კონტროლის, მართვისა და რეგულირების პოლიტიკასთან.  იგი  მოიცავს რისკების შემცირებისა და პრევენციის ღონისძიებებს, მოსალოდნელ დადებით და უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის, სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებისათვის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების  აუცილებლობას. აღსანიშნავია ისიც,   რომ  საქართველო მსოფლიოს 25 რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც უნიკალური ენდემური  ბიომრავალფეროვნების გამო განსაკუთრებულ დაცვასა და გაფრთხილებას საჭიროებს.  საქართველო თავად წარმოადგენს რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარისა (მაგ., ვაზი და ხორბალი) და შინაური ცხოველის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარებამ განაპირობა ის, რომ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფანი, რის გამოც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემოედინებოდა ახალი გენეტიკური მასალა, ხოლო ქვეყნის მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ნიადაგები კარგ წინაპირობას ქმნიდა  ახალი კულტურების ადაპტირებისათვის.

დროთა განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო  აგრარული ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პროცესი,  რომელიც  ინტენსიური გახდა პოსტსაბჭოთა პერიოდში  და  სოფლის მეურნეობის სექტორის სპონტანური განვითარების გამო გაიზარდა ნეგატიური ზეგავლენა აგროეკოსისტემებზე. დღის წესრიგში დადგა ტრადიციული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პრობლემა, რომელიც  როგორც  სახელმწიფოს,  ისე საზოგადოებისა და მედიის   აქტიურ  თანადგომასა და  აქტივობებს  საჭიროებს. ამ მხრივ არა ერთი ქმედითი ღონისძიება  განხორციელდა: ჯერ კიდევ  2008 წელს საქართველო შეუერთდა ,,ბიოუსაფრთხოების  კარტახენის ოქმის“  ხელისმომწერთა  რიცხვს, რომელიც  უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოს დაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთაშორის გაცვლას;  2014  წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“  და  დამტკიცდა „2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“,    ხოლო 2015 წლის ივლისიდან ძალაში შევიდა  პარლამენტის მიერ მიღებული კანონი  გნმ  პროდუქტების სავალდებულო  ეტიკეტირების შესახებ და ა. შ.  მაგრამ, როგორც აგროექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად  მცდელობებისა,  პრობლემებად რჩება მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის სახელმწიფოს სტრატეგიისა და ხედვის არარსებობა.  დაბალია საზოგადოების ცნობიერება აგრარული ბიომრავალფეროვნების სფეროში, უმეტეს შემთხვევაში, მეწარმეები არ ასრულებენ სურსათის ეტიკეტზე სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პირობას,  წვრილი შრიფტით აღნიშნული მონაცემები ძნელად იკითხება და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, არ არის ორგანიზებული ბიოუსაფრთხოების მიზნით საჭირო ლაბორატორიები და ა. შ.  სწორედ  ამ თემებს  უნდა ააქტიურებდეს  ქართული მედია და საქმიანი და  სიღმისეული მასალების  გასაჯაროებითა და  საზოგადოების   ინფორმირებით   ზემოქმედებას უნდა  ახდენდეს იმ  სოციალურ ინსტიტუტებზე, რომლებსაც უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა  ბიომრავალფეროვნებასა და  ბიოუსაფრთხოებაზე.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს,  რას  ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი,  რა რისკებს შეიცავს და როგორ დაიცვას  ჯანმრთელობა, მაგრამ, ამავე დროს უნდა ისმენდეს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და    კვალიფიციური ექსპერტების   შეფასებებს  გნ პროდუქტების  შესახებ და  მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული  უნდა იყოს  პრობლემის არსში.  სწორედ აქ   ვლინდება  მედიის როლი  აღნიშნული  თემების    ობიექტურ და დაბალანსებულ გაშუქებაში.  ამ მხრივ უნდა აღინიშნოს  რეგიონული მედიის დაინტერესებაც  ბიოუსაფრთხოების პრობლემებით და ამის კარგი მაგალითია ტელე-რადიო კომპანია ,,რიონი“, რომელმაც წელს  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების წარმოებაზე მონიტირინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრის ევრაზიის ფონდის„ დაფინანსებით განახორციელა გრანტი იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის სფეროში და ამ  თემატიკით მოამზადა  16 თოქ -შოუ.    ჯანსაღი კვების  პრობლემები   აქტუალურია საქართველოს  საპატრიარქოს  რადიოს ეთერში  და   ონლაინგაზეთებიც  აქტიურ ყურადღებას იჩენენ   ბიოუსაფრთხოების  საკითხებისადმი.  თუმცა კვალიფიციური მედიამასალების სიმცირე მაინც იგრძნობა.

ჩვენი დაკვირვებით, ქართულ  მედიას  აქვს ის პროფესიული ბერკეტები და რესურსი,  რომლითაც   თანამედროვე ტექნოლოგიებისა და  ბიომრავალფეროვნების  საკითხების  საინტერესოდ და  კვალიფიციურად წარმოჩენაა  შესაძლებელი. ამ მიზნით  ჟურნალიტებისა და  სოფლის მეურნეობის, გარემოსა  და რესურსების დაცვის სამინისტროს  ერთობლივი  კორდინირებული თანამშრომლობით  სასურველია  დაიგეგმოს ე.წ.  მედიატურები, სადაც   აგროსპეციალისტებთან ერთად  ჟურნალისტების აქტიური ჩართულობით   მოსახლეობა    ობიექტურ  და  სასარგებლო  ინფორმაციას  მიიღებს არა მარტო  სურსათის ხარისხის შემოწმების შედეგებზე, არამედ  სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე  ამ მიმართულებით.   ასეთი ,,მედიაინსპექტირების“ პრაქტიკა არსებობს  და გამართლებულია იმით, რომ თავად ჟურნალისტებიც  უკეთ გაერკვევიან   სურსათის შემოწმების პროცესში და ამ კუთხით უფრო  პროფესიულად მოამზადებულ  მედიაპროდუქციას  შესთავაზებენ  აუდიტორიას.

ურიგო  არ იქნება  თანამედროვე ტექნოლოგიებისა და  ბიოუსაფრთხოების  მიმართულებით  ტრენინგების ორგანიზება საერთაშორისო დონის ექსპერტების  მონაწილეობით და  ამ სფეროში  მომუშავე  უცხოელი ჟურნალისტების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

და ბოლოს,  მსოფლიოში  ყოველწლიურად იზრდება  გენეტიკურად  მოდიფიცირებული ორგანიზმების  წარმოება  და შესაბამისად,  მსოფლიო ბაზარზე მატულობს  გნმ კვების პროდუქტების რაოდენობაც. სამწუხაროდ,   დღესაც  არ არის მეცნიერულად შესწავლილი, რამდენად უვნებელია  ეს პროდუქტები ადამიანის სიცოცხლისათვის.    გენური ინჟინერიით  შექმნილი პროდუქტის იმპორტი  საქართველოში უკვე დიდიხანია  ხორციელდება და   საზოგადოებამ იცის, რომ ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის დიდი  ნაწილი  გენმოდიფიცირებულია, მაგრამ მისი უმრავლესობა სათანადოდ  არ  არის ინფორმირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. მედიამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის  ინფორმირებულობა  ბიოუსაფრთხოების  თანამედროვე ტენდენციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისა  თუ არასამთავრობო  ორგანიზაციების   საქმიანობის   შესახებ, ხელი შეუწყოს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციასა და  საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების დანერგვას, რომელიც  ბიომრავალფეროვნებისა და ბიოუსაფრთხოების  შენარჩუნების   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  საშუალებაა.


წყარო: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი