მედია მავნებლების წინააღმდეგ და მცენარეთა დაცვის სადარაჯოზე

 ნატო კაკაბაძე, ნინო ჭალაგანიძე



კახეთში კალიამ მზესუმზირის მოსავალი გაანახევრა, გურიასა და სამეგრელოში სიმინდის და ლობიოს რაოდენობა შემცირებულია, ეს პროდუქტი კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკვებად ინტენსიურად გამოიყენება. უნიკალური კულხური ჯიშის ბზა განადგურების პირასაა, მახრა სამცხე ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის მოსავალს საფრთხეს უქმნის.

რამდენად შეიძლებოდა მედიის მიერ გავრცელებული ეს მოკლე  ინფორმაციები სრულიად სხვა სახის ყოფილიყო? მაგალითად ასეთი – კახეთში მზესუმზირის არნახული მოსავალია, გურიასა და სამეგრელოში გლეხებმა მავნებელების პრობლემა დაძლიეს და ახლა აქ სიმინდის და ლობიოს კარგ მოსავალს ელიან. ჩვენი რეპორტაჟების ციკლი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას კარტოფილის არნახული რაოდენობის მიღებაში დაეხმარა და ა.შ.

შეეძლო თუ არა მედიას ფერმერებს სავალალო შედეგების პრევენციაში დახმარებოდა. პასუხი დადებითია, იმ შემთხვევაში თუ მედია თანმიმდევრულად, სიღმისეულად და გასაგებად მიაწვდიდა მისსავე მიზნობრივ აუდიტორიას მცენარეთა სხვადასხვა მავნებლებისა და მათთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას.  თუმცა ეს სწორედ ისაა, რასაც მედია ნაკლებად აკეთებს.

არადა რეალურად ეს იქნებოდა საჭირო ინფორმაცია მიზნობრივი აუდიტორიისთვის, რაც ერთ მხარეს – აუდიტორიას შედეგად ,რასაც დასთეს – იმას მოიმკის” მისცემს, ხოლო მეორე მხარეს –  მედიას აუდიტორიის მადლიერებასა და ერთგულებას.

აგროჟურნალისტებმა უნდა შეძლონ:

  • მოსახლეობისა და, საკუთრივ, ფერმერების ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების, პრეპარატების (პესტიციდების, ანტიბიოტიკების, ა.შ.) არაკორექტული დანერგვის სავალალო შედეგების შესახებ. ცოცხალი ორგანიზმების  დაავადებასთან ერთად, ეს ფატალური ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზიც ხდება;
  • მოსახლეობის, მათ შორის, განსაკუთრებულად დაინტერესებული წრის – ფერმერების ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სიახლეებითა და სხვა ტიპის სასარგებლო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების ინფორმირება ეკოლოგიური მდგომარეობისა და ცვლილებების შესახებ, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კონკრეტული მავნებლისაგან მცენარეთა დასაცავად წინასწარ მოემზადოს;
  • უცხოელი მკითხველს/მსმენლს/მაყურებელს ნათლად განუმარტონ, რომ ჩვენი ქვეყანა შეიცვალა და მოქალაქეებს აღარ სურთ მიიღონ დაბალი ხარისხის საკვები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია.


თუმცა, დასახული მიზნების  წარმატებით განხორციელებას, დარგობრივი ინფორმაციის/ცოდნის დაგროვება უძღვის წინ. სახელმძღვანელოს წარმოდგენილ ქვეთავში აგროჟურნალისტიკით, კონკრეტულად კი, ფიტოსანიტარიითა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვით დაინტერესებული მკითხველი მოკლედ და გასაგებად შეიტყობს დარგის  სპეციფიკის, ძირითადი პრობლემებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ფიტოსანიტარია (ფრანგ. phyto + sanitaire = «santé des plantes») მეცნიერულად დადასტურებული მეთოდების გამოყენებით, მცენარეთა დაცვას ნიშნავს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისას, ბუნებრივი კატაკლიზმების გარდა, ფერმერის, გლეხის ყველაზე დიდი მტერი სხვადასხვა ტიპის მავნებელია. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ზიანს აყენებენ მწერები, ობობასებრნი და დაავადებები. ფიტოსანიტარიის ძირითად მიზანს კი მცენარეთა იმგვარი დაცვა წარმოადგენს, რომელიც ანადგურებს მავნებლებს, თუმცა ზიანს არ აყენებს ბუნებასა და პროდუქტის ეკოლოგიურ მახასიათებლებს.

ხშირ შემთხვევაში, გლეხების უმრავლესობა არ ფლობს სრულ ინფორმაციას თანამედროვე ფიტოსანიტარიული მიდგომების შესახებ და მცენარეთა დაცვისათვის იმ მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს, რომლებიც წინა საუკუნეშია შექმნილი და დღეს თანამედროვე ბიოსაფრთხეებისაგან ეფექტიან დაცვას ვეღარ უზრუნველყოფს.


მედია, როგორც საზოგადოების ინფორმირების საუკეთესო საშუალება, სახელმწიფოში მოქმედი ყველა სფეროსა და მიმართულების საქმიანობაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. სწორედ ჟურნალისტი ფლობს იარაღს, რომელის გამოყენების შედეგად კონკრეტულ სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვა/დანერგვის ხელშეწყობა ხდება შესაძლებელი.

მნიშვენლოვანი საკითხია იმ პროდუქტის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც საქართველოში მოდის და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის რეპუტაციით სარგებლობს.

დღეისათვის ქართული მედიის ინტერესი ფიტოსანიტარული საკითხების მიმართ ფრაგმენტულია და მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა თავს კონკრეტული პრობლემა იჩენს.

ეს პერიოდი ეთხვევა ამერიკული პეპლისა და სხვა მავნებლების მომრავლების და, მათ წინააღმდეგ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კონკრეტული ზომების მიღების გაშუქებას. მედია, უმეტესწილად, მშრალი ინფორმაციით შემოიფარგლება. აღნიშნულის საილუსტრაციოდ გამოდგება  2015 წლის 15 ივნისის მასალა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „გურიანიუსი“-ს მიერაა მომზადებული:  (http://www.gurianews.com/k_/left_wide/4117_67_ka/ozurgeTis_municipaliteti_amerikul_pepelas_ebrZvis.html).  ჟურნალისტი მოგვითხრობს იმ სამუშაოების შესახებ, რაც ოზურგეთის რაიონში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგოდ დაიწყო. აღნიშნული მასალა აკმაყოფილებს საინფორმაციო ხასიათის ტექსტის კრიტერიუმებს, თუმცა, როგორც ამ და სხვა შემთხვევებშიც www.interpressnews.ge (ინტერპრესნიუსი); http://www.livepress.ge/ka/site/news/2670/  (ლაივპრესი); www.ajaratv.ge (აჭარის ტელევიზია).), საქმე  უკვე მომხდარი ფაქტით პროვოცირებულ გაშუქებასთან გვაქვს. ფაქტობრივად, მედიის ინტერესის ვექტორი სწორედ საინფორამციო ხასიათის მასალებზე გადის. ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება და ექსპერტული კვლევა-ძიება კი არსად ჩანს.

ფიტოსანიტარია და მასთან დაკავშირებული საკითხები, ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შედარებით აქტუალური გახდა. გახშირდა ანალიტიკური სტატიები, სადაც  ფიტოსანიტარულ მდგომარეობასა და ევროკავშირის მოთხოვნებზეა საუბარი.

მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ფიტოსანიტარულ საკითხებზე მასალების მომზადებისას, უპრიანი იქნება ისეთი საკითხების აქცენტირება, რომლებიც საშუალებას მისცემს. აიმაღლონ ინფორმირებულობის ხარისხი და პრაქტიკული ექსპერტული რჩევები მიიღონ.

ჟურნალისტები ვალდებულნი არიან, თავად გააცნობიერონ და დაინტერესებული აუდიტორიასაც დაეხმარონ, გაიაზროს აგროპოლიტიკისა და აგროჟურნალისტიკის, ფიტოსანიტარიის, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მნიშვნელობა; იცნობდნენ აგროპოლიტიკის განხორციელების ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტებს  და შეეძლოთ მისი ინფორმაციული მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შეძლონ თემების მოძიება, სამუშაო გეგმის შედგენა და  გრაფიკის, ტექსტისა და აუდიო ვიზუალის ისეთი სახით გაერთიანება და გავრცელება, რომ გასაგები იყოს ყველა შესაძლო პლატფორმისთვის: ვებისთვის, მობილურებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისთვის, აუდიო და ვიდეოკასტისთვის.

ჟურნალისტმა, რომელსაც ფიტოსანიტარიის თემაზე უწევს მუშაობა, უნდა იცოდეს, რომ  დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მავნებლები ორ ჯგუფად იყოფა: პარაზიტულ: სოკოვან, ბაქტერიულ, ვირუსულ, მიკოპლაზმურ და არაპარაზიტულ: ნიადაგის, კლიმატის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებით გამოწვეულ მავნებლებად.  კულტურების მიხედვით, მავნებელ–დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არის განსხვავებული.

ცალკე გამოყოფას საჭიროებს ვაზის მავნებლები. ეს ორი მიზეზითაა განპირობებული, პირველი ის, რომ ვაზი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სეგმენტს წარმოადგენს და მეორე იმიტომ, რომ ვაზის დაავადებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მასთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო.

ვაზის მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომა ანუ ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აგროტექნიკური ღონისძიებების: ნიადაგის დამუშავება, რწყვა, სხვლა დროული ჩატარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მავნებელ–დაავადებათა შესამცირებლად.

აბსოლუტურად სხვა მავნებლები და დაავადებები უჩნდება ხეხილს, კენკროვან, ციტრუსოვან, სუბტროპიკულ, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მარცვლეულ და პარკოსან  კულტურებს, განსხვავებულია მათი მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებიც.

 

ინტეგრირებული დაცვა

ზემოჩამოთვლილ მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ხერხის ერთდროული გამოყენება ცნობილია ინტეგრირებული ბრძოლის სახელწოდებით, რომელიც, პირველ რიგში, პესტიციდების ისეთ დროს და იმ სახით გამოყენებას გულისხმობს, რომ მავნებლების ბუნებრივ მტრებს საშუალება მიეცეს, თავიანთი სასარგებლო მოქმედება მაქსიმალურად გამოავლინონ. ინტეგრირებულ ბრძოლად ითვლება, აგრეთვე, სელექციური, აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ბიოფიზიკური, მექანიკური ბრძოლის მეთოდები  და  სანიტარულ–ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებიც მავნე ორგანიზმების რიცხვიანობას ამცირებს და საღი მცენარეების მიღებას უზრუნველყოფს.

ინტეგრირებული ბრძოლის დროს პესტიციდების გამოყენების ჯერადობა და მასშტაბები მნიშვნელოვნად მცირდება, რითაც იკლებს გარემოს დანაგვიანების საშიშროება და მცენარეულ პროდუქტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ქიმიური შენაერთების (პესტიციდების ან მისი ქიმიური დაშლის პროდუქტების) ნაშთის რაოდენობა.

პესტიციდების და აგროქიმიკატების გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, FAO-ს ,,პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსი’’, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’, საქართველოს კანონები ნიადაგის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის შესახებ. აგრეთვე აქტები, საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი  4312-სსმ 1, #4, მუხლი 55. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი  6167, 25.05.2012 წ.

წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ფიტოსანიტარული და ინტეგრირებული დაცვის საკითხების გაშუქებისას, მნიშვნელოვანია ისეთი თემატიკის გამოკვლევა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, კონკრეტული მავნებლისაგან მცენარეთა დასაცავად წინასწარ მოემზადოს. ჟურნალისტი გვერდს ვერ აუვლის შემდეგ საკითხებს:

1) სეზონური მავნებლები და მათგან პრევენციის საშუალებები; (რეკომენდირებულია მედია მიყვეს საკითხის სეზონურ , თანმიმდევრულ გაშუქებას)

2) ფიტოსანიტარული კანონმდებლობა საქართველოში;

3) ინტეგრირებული დაცვის საშუალებები და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები;

4) სურსათსა და საკვებ პროდუქტზე დაცვის საშუალებების ზეგავლენა;

5) მცენარეების დასაცავად პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება.

 
გლოსარიუმი


ჯიში   -  მცენარის ჯიში არის გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმი, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან–თვისებებს, რაც გამოიხატება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში.
პოპულაცია  -  ერთი სახეობის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც იკავებს გარკვეულ ტერიტორიას.
პესტიციდი   - ბრძოლის ქიმიური საშუალება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დასაცავად მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების პარაზიტების, მღრნელების გასანადგურებლად.
ინსექტიციდი - ქიმიური პრეპარატი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებელი მწერების  მოსასპობად.
აკარიციდი -    ქიმიური პრეპარატი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებელი  ტკიპების მოსასპობად.
ფუნგიციდი
-   ქიმიური პრეპარატი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებელი სოკოების  მოსასპობად.
ჰერბიციდი   -  ქიმიური პრეპარატი არასასურველი სარეველა მცენარეების მოსასპობად.

 


წყარო: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი