ინფორმაცია, რომელსაც ფერმერული ბიზნესი ეყრდნობა საქართველოში - პოსტი I

დემეტრე ერგემლიძე

ფერმერული ბიზნესი ვერ ვითარდება ინფორმაციის გარეშე. იცვლება დრო და იცვლებიან ტექნოლოგიები. ფერმერი რჩება ისევ ისეთი ჯიუტი და თავის საქმეზე შეყვარებული, როგორც დედამიწის ნებისმიერ ფერმერს შეეფერება. იცის, რა მეთოდებს იყენებს და არავის უშვებს იმ სივრცეში სადაც ფერმის მართვის საიდუმლოებები და მომავალი წარმატების ნაბიჯები ინახება.

ფერმერმა კარგად იცის, რომ ამბავი, რომელიც მასთან სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციას ან სავაჭრო აგენტს მიაქვს, არის ნამდვილი, გადამოწმებული და დადგენილი. თუმცა ფერმერი იმასაც უშვებს, რომ შესაძლოა ვინმეს მის კონკრეტულ საქმეზე მორგებისთვის და დახვეწისთვის არ ეცალა და იქნებ სხვისი ცოდნა მის კონკრეტულ ფერმერულ გადაწყვეტილებას არ ესადაგება?!

კონსულტაციას რომ იღებ, სამ აგრონომს მაინც უნდა დაეკითხო, პასუხი რომ მიიღო - მითხრა ერთმა ახალგაზრდა ფერმერმა საქმის დაწყების პერიოდში.

დღესაც, როდესაც ამ კითხვით რამდენიმე პროფესიონალს, ექსპერტს, ჩემს მეგობრებს მივმართე, მითხრეს, რომ კონსულტაციაზე დიდი მოთხოვნის მიუხედავად ყველაზე მეტად მაინც საკუთარი გარემოცვის სჯერა ქართველ ფერმერს. მეზობლის, რომელმაც მარწყვის სათბური გააკეთა და კარგი შემოსავალი მიიღო, პრეპარატის მიმწოდებლის, რომელთანაც ბიზნეს კავშირი დაამყარა და ინარჩუნებს. სახელმწიფოსაც ენდობა მეტწილად, გამოცხადებულ პრიორიტეტებს და დონორი ორგანიზაციების ბროშურებსაც გულისყურით კითხულობს. საინფორმაციო სივრცე ამ კომპონენტებით შეივსო და მასმედიაში თავი მოიყარა.

თუმცა, დრო წინ მიდის, თუკი 11 წლის წინ "მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის" კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის მიღების წყარო სოფლისა და რაიონული ბირჟა იყო, დღეს ნონა სამხარაძე, ამ პროგრამის საინფორმაციო კოორდინატორი მეუბნება, რომ ადგილობრივ მედიაში გაჩნდა მოთხოვნა აგრარულ რჩევებზე და ყოველდღიურ პრაქტიკულ მინიშნებებზე. სმარტფონმა და ონლაინ მედიამ ჩაანაცვლა ზეპირსიტყვიერება და ინფორმაციის გაცვლას ფორმა შეუცვალა.

ფერმერმა დაიწყო ბიზნესის ანალიზი, წარმოების დათვლა და დამტკიცებული შეზღუდვების გააზრება. ნესტან მერმანიშვილმა, რომელიც "მერსი ქორფსის" ახალ პროექტში მცირე მეწარმეების განვითარებისთვის მუშაობს, მითხრა, რომ აქამდე ფერმერი სახელმწიფოს წარმომადგენელს დოინჯშემოყრილი ხვდებოდა, "ამას რატომ მთხოვთ, იმას რატომ მთხოვთო". ახლა კი ცდილობს ითანამშრომლოს. თვითონ კარგად იცის, რომ ანტიბიოტიკის შემცველ თაფლს ვეღარ გაყიდის ევროპაში და ამ თანდათანობით, ბუნებრივად წარმართულ კვლევაში აღმოაჩინა, რომ ანტიბიოტიკი სულაც არ სჭირდება ფუტკარს.

ირაკლი ჩიქავამ, რომელმაც მეგობრებთან ერთად "აგრო სოლუშენს ჯგუფი" დააფუძნა მითხრა, რომ მოძველებული ინფორმაციით საქმის კეთება და მისგან თანამედროვე პროდუქტის მიღება რთული საქმეა. ქართველი ფერმერისთვის მთავარი თავსატეხიც ეს ხდება. ამიტომ საქმეში ერთვება ყველა, ვისაც სარგებლის მოტანა და თავისი წილის მიღებაც შეუძლია. თანამედროვე რელსზე გადაყვანა მართალია ეტაპობრივი და დუნე საკითხია, მაგრამ სვლა ამ მიმართულებით დაწყებულია.

"ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე, მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვან ფილტრს გადის. ფერმერამდე რაფინირებული სახით მიდის. მისი შესწავლით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საერთაშორისო კომპანიები, სახელმწიფო და დარგობრივი ექსპერტები არიან დაინტერესებულნი. ქვეყნის ფერმერული სტრატეგიის წინა ხაზზე ეს ადამიანები დგანან. ცდილობენ სწორი გზები შეარჩიონ იმისთვის, რომ კონკურენტული ქართველი ფერმერი შექმნან.

"ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი ფერმერული თემატიკის გადაცემებია. ბრიტანეთში, მაგალითად ერთი რადიოა, რომელიც დილის 05:00 საათზე  ფერმერებისთვის გადაცემას უშვებს. მარტივი რჩევები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ძალიან რეიტინგულია.  რადიოს მოსმენის კულტურა, გაზეთის წაკითხვის კულტურა ხომ გვაქვს?! ტელევიზიითაც არის რჩევები საჭირო. რამდენ რამეს ვუსმენთ ყოველ დილით?! სახის მოვლაზე, საჭმლის მომზადებაზე... მაგრამ 5 წუთიანი პატარა რჩევები ფერმერებისთვის არსად არ გვხვდება", - მითხრა ნონა სამხარაძემ.

ფერმერს სახელმწიფოსიც სჯერა. ენდობა პროგრამებს, რომელიც პერიოდულად სტრატეგიული დანიშნულებით ცხადდება. მაგალითად, "დანერგე მომავალი", რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს, 15 000 -მდე ჰექტარს მოიცავს და მებაღე ფერმერებს აერთიანებს. თანადაფინანსების კომპონენტმა იმდენად წაახალისა ფერმერი, რომ თქვა, მზადაა დაიცადოს რამდენიმე წელიწადს, სანამ მისი გაშენებული ხეხილის ბაღი სარგებელს მოიტანს. ნაყოფი ბევრ მათგანს ჯერ არ მოუცია, თუმცა მსხმოიარობაში შესვლა დაგვაახლოებს ბაზართან. აქ კი ყოველთვის ითხოვენ ქართულ წარმოებას, რომელიც ფაქტია, ნაბიჯებს დგამს.  ქართულ ეკონომიკას მიზნად იმპორტის ჩანაცვლება აქვს დასახული. სურს, რომ ქართული პროდუქტით მოამარაგოს მისი მომხმარებელი.

ნებისმიერი გამოკითხვით, ყველა არსებული კვლევით დასტურდება, რომ ქართველი მომხმარებელი კონკურენტულ ქართულ პროდუქტს იყიდის მაშინვე, როდესაც საყიდლებზე გასულს კონკურენტულ ფასად ხარისხიანი ნაწარმი შეხვდება. მისი მიღებისთვის აუცილებელ რესურსებს შორის კი ინფორმაცია არის პირველი.