ფინელი მერძევე ფერმერის წარმატების ისტორია

თეონა ნოზაძე
ნინო ლომთაძე

კრისტა ჰოლფორსი 33 წლის ფინელი მერძევე ფერმერია, რომელსაც საკუთარი ფერმის მართვის 7 წლიანი  გამოცდილება აქვს. რატომ  გადაწყვიტა ფერმერობა, როგორია რძის სტანდარტი ფინეთში,  რა მნიშვნელობა აქვს მერძეული პირუტყვის სწორ კვებას, რა ჯიშებია პოპულარული, რა მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო მერძევე ფერმერებს და რა რჩევებს უზიარებს ქართველ ფერმერებს ახალგაზრდა  წარმატებული ფინელი? საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია გთავაზობთ ინტერვიუს.  

კრისტა, რატომ დაინტერესდით ფერმერული საქმიანობით და დღევანდელი შეფასებით, რამდენად სწორად შეარჩიეთ მერძეული მიმართულება თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ?

უკვე 7 წელია ფერმის მენეჯერი  ვარ. თუმცა, ფერმაში მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ამ საქმიანობაში ჩართული მანამდეც ვიყავი, სანამ მენეჯერი გავხდებოდი. ვფიქრობ, ჩემი მეურნეობისადმი ინტერესი ძუძუთი კვების დროს  დაიწყო და მთელი ცხოვრების მანძილზე უფრო მეტად გაძლიერდა. მენეჯერად მუშაობის პერიოდში გავაორმაგე  ცხოველების და წარმოებული რძის რაოდენობა. სამწუხაროდ, გრანტების გარეშე აქ ნებისმიერი საკვების წარმოებაზე მომგებიანობის შენარჩუნება რთულია. როგორც ფერმერი, ვფიქრობ, საკვების ფასი იყოს ის, რაც ჯდება მისი წარმოება, სხვადასხვა დაფინანსების გარეშე. ბევრ მომხმარებელს ურჩევნია რძე იყიდოს პირდაპირ ფერმერისგან უფრო მაღალ ფასად, ვიდრე - მაღაზიაში გადაიხადოს ფული და მოგება გადანაწილდეს რძის ქარხანაში ან შუამავალთან, მაღაზიაში.

როგორც ვიცით, გყავთ 250 მსხვილფეხა პირუტყვი, მათგან 140 მეწველი ძროხა. პარალელურად მოგყავთ ქერი, შვრია, ბალახი. როგორ ახერხებთ მენეჯმენტს?


მაქვს 3 მიმართულების ფერმა: ერთი 140 ძროხისთვის, ახალშობილი ხბოებისთვის (0-2 თვე) და საწველი აპარატისთვის, მეორე ფერმა 2 თვიდან-1,5 წლამდე ასაკის  ხბოებისთვის და  მესამე ცხვრებისა და ქათმებისთვის. ჩემნაირი ფერმერისთვის ბალახის მოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ ის საკვებად გამოდგეს მთელი ზამთრის განმავლობაში. ყოველ ზაფხულში ვიღებ 3 მოსავალს და წელიწადში დაახლოებით 4 000 თივის ზვინს ვიყენებ. რადგან აქ ნამდვილი ზამთარი გვაქვს, მოსავლის მოყვანა მხოლოდ აპრილიდან ოქტომბრამდე შეგვიძლია. ანუ მარცვლეულის 1, ხოლო ბალახის 2-4 მოსავალი. ზაფხულში ყველა ფური საძოვარზეა, მათ შორის მერძევეებიც. ფერმაში ვმუშაობ 24/7 და ძირითადად ყველაფერს თავად ვმართავ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან თვითკმარი ვართ და სხვა მეწარმეებზე დამოკიდებული არ ვართ. ზაფხული ძალიან დატვირთულია და ბალახის სეზონზე თითქმის ტრაქტორში ვცხოვრობ. ჩემ გარდა, მყავს ორი თანამშრომელი სრულ განაკვეთზე, ერთი რომელიც მეხმარება საველე სამუშაოებში და მეორე, რომელიც მეხმარება ცხოველებთან მუშაობაში. ორივეს აქვს განსაზღვრული სამუშაო საათები.


რა შეცდომები გქონდათ საქმიანობის დასაწყისში და როგორ შეძელით მათი მოგვარება. რა პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივი ფერმერები ყოველდღიურად?

რადგან მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობ და ადრევე ავიღე დიდი პასუხისმგებლობა, მეურნეობაში ჩემი შეცდომების უმეტესობა მანამდე დავუშვი, სანამ მენეჯერი გავხდებოდი. დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას სოფლის მეურნეობის სფეროში. 4 წელი ვსწავლობდი და მაქვს ბაკალავრის ხარისხი სოფლის მეურნეობაში. დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა ჰელსინკის უნივერსიტეტში, მაგრამ დამთავრებამდე ფერმის მენეჯერი გავხდი, ამიტომ სწავლა არ დამისრულებია.

როგორც მერძევე ფერმერი, უნდა იყოთ კარგი ან საშუალო ყველაფერში. მუშაობა მთელი დღე და ღამე გიწევთ, და მაინც უნდა გქონდეთ დრო, რომ არ ჩამორჩეთ გადასახადებს, ფასებს, იპოთეკის პროცენტებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სტრატეგიების შემუშავებას და ა.შ. მაგალითად, როდესაც ფერმა დედაჩემისგან ვიყიდე, ჩვენ დავუშვით შეცდომა დოკუმენტებთან მიმართებით, რის გამოც ის იძულებული გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში ეხადა მეტი გადასახადი.  ამის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა მეტი ცოდნა რომ მქონოდა. იმავე წელს, როცა ახალი ფერმა ავაშენე, ყველაფერი უკეთესად უნდა დამეგეგმა, რათა იმ წელს დღგ-ს გადახდა არ მომწეოდა. პრობლემების უმეტესობა დაკავშირებულია ფინანსებთან ან ჯანმრთელობასთან. ძალიან ადვილია გადაიღალო. ნამდვილად მქონდა პერიოდები, როდესაც დატვირთვისას ჭამა და ძილი არ მახსოვდა, ეს არავისთვისაა კარგი.

ჩვენთან წარმოების ხარჯები ძალიან მაღალია. ტექნიკა უნდა ვიყიდოთ კოლექტიურად სხვა ფერმებთან ერთად, რათა შეძენა მომგებიანი იყოს. ძალიან მაღალია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასებიც, 10 000 – 15 000 ევრო/ჰექტარზე.

კრისტა, როგორია ფინეთში რძის მოხმარება, ასევე თვითუზრუნველყოფა. რძის რა პროდუქტებია უფრო პოპულარული?

ფინელები რძის აქტიური მომხმარებლები არიან. 2020 წლის მონაცემებით, ერთი ადამიანი 144 კგ თხევად რძეს მოიხმარდა, ეს მოიცავს რძეს, მაწონს, იოგურტს და ნაღებს. ყველი მოიხმარებოდა 25 კგ ერთ ადამიანზე, კარაქი კი 3,3 კგ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რძის თხევადი სახით მოხმარებაში მხოლოდ კლებაა. რძის წარმოება 2021 წელს 2 205 728 462 ლიტრი იყო, რომელიც 5 119 ფერმაში იყო წარმოებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში ფერმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაშინ 22 000-ზე მეტი რძის ფერმა იყო. ჩვენი 0-2 თვის ხბოები სვამენ რძეს, პირველ რიგში, დედისგან კოლოსტრს მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რძეს და თანდათან რძის ფხვნილს ან ნედლეულში შერეულ ფხვნილს. ამ რაოდენობის ძროხებისთან ყოველთვის გვაქვს რძე, რომელიც არ ინახება, ამ რძეს ხბოები სვამენ. ამიტომაც მამალ ხბოებს 2 თვემდე ვინახავთ. გაყიდვისას უკეთესი ფასი აქვთ და ზედმეტ რძესაც სვამენ.

რა მნიშვნელობა აქვს მერძეული პირუტყვის სწორ კვებას, საკვებ ინგრედიენტებს, გვესაუბრეთ რძის ხარისხზე მოქმედ ფაქტორებზე...

ჩემი აზრით, სწორი კვება ყველაზე მნიშვნელოვანია. "შენ ხარ ის, რასაც ჭამ". ვფიქრობ, რადგან ძროხები მცოხნავი ცხოველები არიან, მათ უნდა ჰქონდეთ ბალანსირებული კვება. აქცენტი უნდა გაკეთდეს ბალახით კვებაზე. საუკეთესო რძე და ხორცი მიიღება სწორი კვების პირობებში.

ამჟამად ჩემი ძროხის კვება შეიცავს: 78-82% ბალახს, 11% დაფქულ შვრიას და ქერს, 7-10% რაფსის ფხვნილს და 0,5-0,6% მინერალებს. საკვებ ულუფაში ხდება ამ ყველაფრის შერევა, რასაც ძროხები თავისუფლად ჭამენ. ძროხები საწველი აპარატის საშუალებით დღეში 1,5 კგ-დან 5,0 კგ-მდე იწველიან. მათ აქვთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. შეუძლიათ როცა სურთ წავიდნენ საჭმელად, დაიძინონ, წამოდგნენ, გავიდნენ სუფთა ჰაერზე ან მოინახულონ ხბოები.

2008 წლიდან ვიყენებთ საწველ აპარატს, რამაც ნამდვილად დადებითად იმოქმედა პროდუქტიულობაზე. ძროხები იწველებიან დღეში რამდენჯერმე და არ იღებენ სტრესს. მე ვაკვირდები თითოეული ძროხის კვებას, აქტივობას, ჯანმრთელობას, რძის წარმოებას, უჯრედების, ცხიმებისა და ცილების რაოდენობას... ასევე, ჩემი ახალი ფერმა ცხოველებზე მაქსიმალურად მორგებულია. მაგალითად, ახალშობილი ხბოები მოთავსებულნი არიან საწველი აპარატის გვერდით, რათა ძროხა სტიმულირდეს წველის დროს.

როგორია რძის სტანდარტი?

არსებობს რძის სამი საკვალიფიკაციო კლასი: E, I და II.  E კლასი  არის საუკეთესო ხარისხის და ფინეთში წარმოებული რძის 96,9% ამ სტანდარტს შეესაბამება.

E კლასი = < 250 000 უჯრედისების რაოდენობა და <50 000 ბაქტერიების რაოდენობა.

I კლასი = 250 000-400 000 უჯრედისების რაოდენობა და 50 000-100 000 ბაქტერიების რაოდენობა.

II კლასი = 400 000 უჯრედისების რაოდენობა  და >  1000 ბაქტერიების რაოდენობა.

რა თქმა უნდა, ცხიმის და ცილის პროცენტულობაც მნიშვნელოვანია. ჩემი ძროხები იწველიან E-სტანდარტის რძეს და 2021 წელს ცხიმის საშუალო მაჩვენებელი იყო 4,64%, ხოლო ცილის საშუალო მაჩვენებელი კი 3,64%.

ძროხის ძირითადად რა ჯიშებია გავრცელებული ფინეთში და განაყოფიერების რა მეთოდებს იყენებთ?


ფინეთის მთავარი მერძევე ჯიშებია ჰოლშტეინი და აირშირი. მე მყავს ჰოლშტეინი, აირშირი, ჯერსი.

ჩემი ფერმების შედეგები 2021 წელს:

შესამჩნევია, რომ  ცხიმი და ცილა ჯერსსა და ენდემურ ჯიშებში მაღალია, რაც ზოგადად ამაღლებს მათ ECM-ს, ამიტომ კარგი იქნება რამდენიმე თუ ნახირში გეყოლება.

როგორც მე, ასევე, ჩემი სრული განაკვეთის მერძეული მიმართულების თანამშრომელი ჩვენით ვაკეთებთ ხელოვნურ განაყოფიერებას. მე 11 წლიანი გამოცდილება მაქვს, მას - 13 წლიანი. ჩვენ ვუკვეთავთ დოზებს Semex-სა და Faba-სგან და გვაქვს თხევადი აზოტის საკუთარი კონტეინერი ფერმაში, სადაც ვინახავთ დოზებს. 140 ძროხაში ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება ჩვენი ყოველდღიური საქმინაობაა. გამრვალების დროს ჩემი მთავარი მიზანია ძროხების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, ჯანმრთელი ცური აპარატისთვის მარტივად მოსაწველი და მარტივი მოსაგები რომ იყოს. ჩემი ფერმის მთავარი სტარტეგია ჯანმრთელი საქონლის შენახვაა, რაც შეიძლება დიდხანს. საქონლის საშუალო ასაკი 7 წელია, როცა მათი დაკვლის დროს მოდის. ამ პერიოდის განმავლობაში საშუალოდ თითო საქონელმა 4-ჯერ მოიგო და სულ ცოტა 30 000კგ რძე მოიწველა.

რადგან ყველა ჯიშის შთამომავლობის შენარჩუნება არ გვსურს, გვაქვს მეხორცული მიმართულებაც. იმ საქონლისთვის, რომლის შენარჩუნებაც გვინდა ვიყენებთ სპერმას: მერძეული ჯიშის (ნახირის 10-15%-ს), ანგუსის,  Blonde D’aiquitane და ასევე სხვა მეხორცულ ჯიშებს... ორი თვის ხბოების გაყიდვის დროს მეხორცული ჯიშის ხბოებს უფრო ძვირად ვყიდი, ვიდრე - მერძეულს. დეკეულისთვის მყავს ანგუსის ჯიშის ხარი, სტატისტიკის მიხედვით ამ ჯიშს მარტივი მშობიარობა აქვს, ამიტომ პირველად მოგების დროს ხბო ტრავმას არ იღებს.

რომელ კვებას ირჩევენ ფერმერები, ბაგურს თუ საძოვრულს?

ფინეთში გვაქვს ცხოველთა კეთილდღეობის მკაცრი რეგულაციები, რომელიც მოიცავს როგორც რბილ, ასევე მკაცრ მოპყრობას. რბილი იმ გაგებით, რომ ის ხდის ჩვენს საკვებს სუფთას, მიკვლევადს და ეთნიკურად საუკეთესოს მსოფლიოში. მკაცრი გულისხმობს მეტი დოკუმენტაციის წარმოებას, მონიტორინგსა და კონტროლს. ეთნიკური წარმოება უფრო ძვირი ჯდება, რაც ცალსახად ნიშნავს ჩვენი ანაზღაურების ზრდასაც, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ანაზღაურებას თუ არ მივმართეთ ცხოველთა კეთილდღეობის გრანტებს (რაც უფრო მეტ დოკუმენტაციას ნიშნავს).

საძოვრებზე გაშვება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში, მე აპრილიდან ოქტომბრამდე საძოვრებზე მყავს გაშვებული საქონელი (2 თვიდან - 1,5 წლამდე). საქონელს შეუძლია ფერმიდან გასვლა ნებისმიერ დროს, როცა მოუნდებათ, თუმცა ძირითადად ჩემს მომზადებულ საკვებზე არიან.

საძოვრული კვება კარგად მუშაობს იქ, სადაც ბალახი მთელი წლის განმავლობაში იზრდება და მოწყობილია სარძევე სივრცე. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რაც უფრო დიდი გზის გავლა უწევს საქონელს საწველ აპარატამდე, დღის განმავლობაში მით უფრო იშვიათად სტუმრობენ მას. სარძევე სივრცის ნაცვლად, საწველი აპარატის გამოყენებას ის უპირატესობა აქვს, რომ ძროხები დღეში მინიმუმ 2,5-ჯერ იწველიან.

რა უჯდება ფერმერს ერთი სული ფურის შენახვა?

დღეს, როდესაც ელექტროენერგიის, საწვავის, სასუქისა და საკვების ფასები ძალიან გაიზარდა, რთულია რძის მეურნეობა მომგებიანი გახადო. რძის ქარხანამ რძის ფასი ლიტრზე 2 ცენტით გაზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცალსახად ვიცი რასაც მოვკიდე ხელი საოჯახო ფერმის სახით, მაგრამ სამუშაოს და ანაზღაურების საათობრივი დათვლა რომ დავიწყო პასუხი ნული იქნება. ეს უდაოდ, შენი ცხოვრების სტილია და ფერმაც შენთვის ყველაფერია. მაგრამ შემდეგ შენ უნდა მართო ის, როგორც ბიზნესი, უნდა დათვალო რისი გაკეთება შეგიძლია და რომელი ცხოველის ყოლის შესაძლებლობა გაქვს.

რა როლი აქვს კერძო სექტორს და რა სახის მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო მერძევე ფერმერებს ?

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც გვაქვს ფინეთში არის სუბსიდირებული ფერმებისთვის დამხარების პროგრამა, რაც გულისხმობს წელიწადში 26 დღიან შვებულებას, რომლის დროსაც სრულად გათავისუფლებული ვარ გადასახადისგან, სუბსიდირების ფარგლებში. ცხადია, შვებულებას სრულად არ ვიყენებ და მხოლოდ 7 დღე ვისვენებ, დანარჩენ დღეებში ფერმაში სხვა სამუშაოებზე ვმუშაობ. ძროხებზე კი იმ დღეებში დამხმარე კადრი ზრუნავს. ამჟამად სადეკრეტო შვებულებაში ვარ, ამიტომ მაქვს ფერმაში შეღავათების უფლება, რადგან შეუძლებელია სრული განაკვეთით მუშაობა. საზღვარგარეთ მეურნეობაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ფერმის მუშის დაქირავება ჩვენთან უფრო ძვირია. აქ ფერმის დამხმარე საათში საშუალოდ 29 ევროს იღებს.

წელს მაღალი წარმოების დანახარჯების გამო ფერმერები გაათავისუფლეს ქონების გადასახადისგან, რაც ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, რადგან 2019 წელს ავაშენე ფერმა, შესაბამისად, ჩემი ქონების გადასახადი წელიწადში შეადგენდა 10 000 -15 000 ევროს. მე ვარ ფინეთის ფერმერთა ასოციაციის წევრი და იქ მომუშავე ადამიანებს მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკოსებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ უკეთესი ცხოვრების შექმნას ფინელი ფერმერებისთვის.

როგორ ახდენთ პროდუქციის რეალიზაციას?

ჩემს რძეს ყიდულობს რძის ქარხანა - Arla, ხოლო ხორცს ყიდულობს ხორცის სახლი - HK Scan. ისინი განსაზღვრავენ რა მოგება გვექნება და რა თანხად გაყიდიან პროდუქტს. დიდწილად უზრუნველყოფენ მარკეტინგსაც. სოციალურ მედიის საშუალებით ვახდენთ ჩვენი მეურნეობის წარმოჩენას და ვფიქრობ, ფერმერები კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით მისი დახმარებით.

რას გვეტყვით იმპორტ-ექსპორტის შესახებ?

ფინეთმა 2021 წლის ნოემბერში  განახორციელა სოფლის მეურნეობის პროდუქტების: 0,16 მლნ ევროს ღირებულების ექსპორტი, 0,54 მლნ ევროს ღირებულების იმპორტი. ჩვენ ვახორციელებთ ღორის ხორცისა და რძის ფხვნილის ექსპორტს ჩინეთში, მარცვლეულს - გერმანიაში, ნიდერლანდებსა და მაროკოში.

რა გავლენა იქონია პანდემიამ დარგის განვითარებაზე?

Covid-19-მა თავისი გავლენა მოახდინა ფინეთის სოფლის მეურნეობაზე, ისევე როგორც - სხვა ყველაფერზე. დადებითია მხოლოდ ის, რომ დიდი ყურადღება დაეთმო ფინეთში საკვების კუთხით თვითუზრუნველყოფას. სამწუხაროა, რომ ჩვენი ინდუსტრიის წარმოების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გადავიტანეთ. ასევე, უცხოეთიდან შემოსულ ელექტრო ენერგიაზე ვართ დამოკიდებული.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Covid-19 დაჩრდილა უკრაინის ომმა, რაც კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. უკრაინელები ძალიან შრომისმოყვარე და სოფლის მეურნეობის მოყვარული ხალხია. მე, როგორც ფერმერმა, არ შემიძლია არ გამოვხატო სოლიდარობა. საუკეთესო შემთხვევაში, ომი დღესაც რომ დასრულდეს, ჩემს ბიზნესზე მიმდინარე პროცესების გავლენა ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩება.

უკრაინა არის  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ჩრდილოეთ აფრიკაში, და თუ ასეთი ქვეყნები დიდი მოსახლეობით, იქნებიან ომში, ჩვენ გაგვიჭირდება. ფინეთი, როგორც ქვეყანა სუფთა წყლით, ჯანსაღი ბუნებით, მაღალი ხარისხის საკვების წარმოების შესაძლებლობით და მხოლოდ 5,53 მილიონი მოსახლეობით, ძალიან მიმზიდველია. როგორც მომავალი დედა და ფინელი არმიის რეზერვისტი, მომავალზე ვღელავ.

რა როლი აკისრია ადგილობრივ მედიას სოფლის მეურნეობის განვითარებაში?

მედია თამაშობს დიდ როლს ცნობიერებაზე, რადგან ეს არის ის, რისიც მომხმარებელს სჯერა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რა იყიდონ მაღაზიაში. სამწუხაროდ, ადგილობრივ მედიაში ფერმერობის შესახებ ბევრი ნეგატიური სიახლე ვრცელდება.  იშვიათად შევხვდებით ინფორმაციას ფერმერობის სარგებლობის შესახებ, რისთვისაც თითოეული ფერმერი მთელი ცხოვრება ვშრომობთ.

ვფიქრობ, როგორც მერძეული ფერმერი ჩემს მიწას ვიყენებ ეკოლოგიურად და ჩემი ბიზნესი არსებულ რესურსებს ეფექტურად იყენებს. ცხოველი ბალახით იკვებება, ამიტომ მომყავს ბალახი, რომელიც იერთებს ნახშირბადს. ასევე მაქვს მცენარეები სამყურა, ბარდა, იონჯა, რომლებიც აზოტს იერთებენ, ყვავილობენ, რაც კარგია ბიომრავალფეროვნებისთვის. ძროხისგან ვიღებთ, როგორც რძეს, ასევე შთამომავლობას, ხორცს, ტყავს, ნაკელს. ნაკელს დიდი ფუნქცია აქვს რძის ფერმაში კვების ციკლში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი სასუქი, რომელიც  ნიადაგს ანოყიერებს. როდესაც მედია საუბრობს ფერმერობაზე, ყურადღებას ამახვილებს ემისიაზე და იშვიათად საუბრობს ემისიის შემცირებასა და სხვა სასარგებლო ღონისძიებებზე, რასაც ფერმერები ვაკეთებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფერმერობაზე შემაძრწუნებელი რაოდენობის ცრუ ინფორმაცია ვრელდება მედიაში.

არასოდეს შეწყვიტოთ სამეურნეო საქმიანობა. ადგილობრივი საკვების წარმოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. არ არის ფერმა - არ არის საკვები. და ყოველთვის შეახსენეთ მომხმარებელს, რაც უფრო მეტ ადგილობრივ საკვებს შეიძენენ, მით უკეთესი იქნება გარემოსთვის.