ბრაზილიის მეცხოველეობა, გამოწვევები და მეცნიერების როლი

ბრაზილია  მსოფლიოში საქონლის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელიც მომდევნო 2 ათეული წლის განმავლობაში 35%-ით აპირებს მოცულობის გაზრდას. თავისი უზარმაზარი ტერიტორიით, ხელსაყრელი კლიმატით და ძლიერი მესაქონლეობის კულტურით, ბრაზილია მზადაა მოემსახუროს გლობალური ბაზრის მზარდ წილს.

მას 230 მილიონზე მეტი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს, როგორც უმსხვილესი ექსპორტიორი და სიდიდით მეორე მწარმოებელი (აშშ-ს შემდეგ), ბრაზილია გლობალური საქონლის ხორცის ექსპორტის დაახლოებით ერთ მეოთხედს შეადგენს, ხოლო 2022 წელს წარმოებამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა.

მეცხოველეობის სექტორი ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მშპ-ს თითქმის მეოთხედს შეადგენს, რაც მას როგორც ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის დასაქმების ქვაკუთხედად აქცევს. 
ამ წარმოების უკან დგას კვლევითი ინსტიტუტების ქსელი, რომელიც ინოვაციებს უწყობს ხელს პროდუქტიულობის, მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მათ შორისაა Embrapa Southeast Livestock - კვლევითი ცენტრი, რომელიც საძოვრების მართვის ტრანსფორმაციის კუთხით მოწინავეა.

სან-პაულოს შტატში, სან-კარლოსში მდებარე Embrapa Southeast Livestock არ არის მხოლოდ კვლევითი დაწესებულება - ეს არის ფერმერებისთვის ცოდნის და ინოვაციების მიღების საუკეთესო ადგილი.

მთელი ბრაზილიიდან ფერმერები Embrapas-ს ექსპერიმენტულ მინდვრებში მიემგზავრებიან, რათა ინოვაცია მოქმედებაში ნახონ.  ისინი აკვირდებიან და ცდიან თანამედროვე საძოვრების სისტემებს, საძოვრების სტრატეგიებს და ინტეგრირებულ მიწათსარგებლობის ტექნიკას, ბრუნდებიან საკუთარ ფერმებში და იწყებენ ახალი პრაქტიკების დანერგვას, რაც აუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეკოსისტემას.

Embrapa-ს მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომაა სილვოპასტორალური სისტემა - მოდელი, რომელიც აერთიანებს ხეებს, საკვებს და პირუტყვს ერთსა და იმავე ზონაში.

ამ სისტემებში წარმატების გასაღები სტრატეგიულ დაშორებაშია: ხეების სიმკვრივის დაბალანსება ბალახის ზრდასთან და ცხოველების კომფორტულ გარემოსთან.

ხეები რიგებში 2 მეტრის დაშორებითაა დარგული, ხოლო რიგები ერთმანეთისგან 15 მეტრის დაშორებით. შეიძლება საჭირო იყოს გამოხშირვა და მანძილი შეიცვალოს - 15×4 მ-მდე ან 30×4 მ-მდე.

რიგებს შორის უფრო ფართო, 30–40 მ მანძილი ასევე გამოიყენება უფრო დიდ სილვოპასტორალურ განლაგებებში, რათა ბალახის ზრდისთვის სინათლის ოპტიმიზაცია მოხდეს, ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს ჩრდილი და მიკროკლიმატის სარგებელი.


ეს კონფიგურაციები მიზნად ისახავს საკვების ზრდისთვის მზის სინათლის შეღწევადობის მაქსიმიზაციას, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას და დაჩრდილული ადგილების შექმნას, რაც ამცირებს ცხოველებზე სითბურ სტრესს.
Embrapa Southeast Livestock აქვს საძოვრების ინოვაციის ექვსი საყრდენი:

დეგრადირებული საძოვრების აღდგენა - დაბინძურებული ან არაპროდუქტიული  საძოვრების აღდგენა ნიადაგის კორექციით, სასუქების გამოყენებით და ბალახის ახალი ჯიშების შეტანით.

ბალახისა და  მცენარეების გაუმჯობესული ჯიშები - მაღალი პროდუქტიულობის, კვებითი ღირებულების მქონე ბალახის ჯიშების დანერგვა.
ბალახი + პარკოსანი მცენარეების კომბინაცია - აზოტის ბუნებრივი შენარჩუნების უზრუნველყოფა ნიადაგში და საკვების ხარისხის ამაღლება.
სილვოპასტორალური სისტემა (ხეები + პირუტყვი) - ხეების ინტეგრირება საძოვრებში განსაზღვრული დაშორებით, რაც ქმნის ჩრდილს ცხოველებისთვის, ხელს უწყობს ბალახის ზრდას და ნიადაგის შენარჩუნებას.

ინტეგრირებული სისტემა: კულტურა–საძოვარი–ტყე (ILPF) - ერთ სივრცეში კულტურების, საძოვრების და ხეების მართვა, რაც ზრდის მიწის ეფექტურობას და ეკოლოგიურ მდგრადობას.
ინტენსიური მართვის პრაქტიკა - როტაციული ძოვება, მორწყვის სისტემები, საკვების კონტროლი და სხვა მეთოდები, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას და რესურსების ეფექტურ გამოყენებას. 
თითოეული ეს ინსტრუმენტი ჰარმონიაშია და ქმნის მდგრად, პროდუქტიულ სისტემას.

რაც შეეხება ბრაზილიაში მეცხოველეობის მეურნეობების სტრუქტურას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია:

•    მცირე ფერმები ფლობენ 12–50 ჰა მიწას და რამდენიმე ათეულიდან ასეულამდე პირუტყვს;
•    საშუალო ფერმები — 50–500 ჰა და ასეულობით სულ საქონელს;
•    მსხვილი რანჩოები — ათასობით ჰექტარს და ათასობით სულ პირუტყვს.

საშუალოდ, ბრაზილიაში დატვირთვა ასეთია - 1.5 სული/ჰა-ზეა, თუმცა ინტენსიური სისტემებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. აქ მეცხოველეობაში 80%-ზე მეტი საძოვრული მოწყობაა. 

აქ ფერმერები ვალდებული არიან, რომ საძოვრების გარკვეული ნაწილი არ დაამუშაონ და ბუნებრივი მდგომარეობა შეინარჩუნონ. ეს მერყეობს 20%-დან 80%-მდე იყოს, გააჩნია რეგიონსა და გარემოს. თუ ფერმერი კანონს არ დაიცავს, შეეზღუდება წვდომა საბანკო რესურსებზე, ბენეფიტებზე, სასაკლაო ვეღარ ითანამშრომლებს და სხვა, ასევე  შესაძლოა დაჯარიმდეს ან შეზღუდვები დაეკისროს. ყველა მეცხოველე ფერმერი რეგისტრირებულია ბაზაში.

რაც შეეეხება პრობლემებს, ბრაზილიის მეცხოველეობის სექტორს გამოწვევა აქვს: ტყეების განადგურება, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება, მეტანისა და ნახშირორჟანგის მაღალი გამოყოფა, მიწის არაკეთილსინდისიერი გამოყენება და დაბალი მენეჯმენტი, ტექნოლოგიური დეფიციტი. ეკონომიკური მოთხოვნები ხშირად ეჯახება გარემოსდაცვით სტანდარტებს, რაც ზრდის საერთაშორისო ბაზრის წნეხს და სექტორის მდგრადობის გამოწვევებს.

ამ ყველაფერთან გასამკლავებლად სამეცნიერო გადაწყვეტები ჰაერივით საჭიროა, Embrapa Southeast Livestock როლიც შესაბამისად უმნიშვნელოვანესია როგორც ფერმერის განვითარებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

კლიმატური გამოწვევებისა და გლობალური სურსათის მოთხოვნის ზრდის ეპოქაში, ეფექტური და მდგრადი მეცხოველეობის სისტემები უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოდესმე. ბრაზილია ცდილობს ფეხი აუწყოს ბაზრის მოთხოვნებს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები დროულად გადაჭრას. როცა მეცნიერება და ბიზნესი ერთად დგას, საქმეც წინ მიიწევს!

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციას, IFAJ  - აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით, ჰქონდა  შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიის სოფლის მეურნეობას, მიღწევებს და პრობლემებს გაცნობოდა.


რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან