Sítio São João — ინოვაციური ფერმა

ბრაზილიაში, სან კარლოსის მახლობლად მდებარე Sítio São João  ოჯახური ფერმაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო სივრცე. აქ ყოველდღიურ შრომაში ჩანს, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობა იყოს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და რესურსების მიმართ ეფექტური.

ფერმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წყლის მართვაა. ადგილზე ხდება წვიმის წყლის შეგროვება და მისი გამოყენება სხვადასხვა საჭიროებისთვის. გამოყენებული წყალი კი არ იკარგება — ის ბუნებრივი ფილტრაციის სისტემით, მცენარეების დახმარებით იწმინდება და ხელახლა გამოიყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის დანაკარგს და იცავს გარემოს.

კიდევ უფრო საინტერესოა ნარჩენების მართვის სისტემა. ფერმაში დანერგილია ბიოდიგესტერული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები,  გადამუშავდება და გამოიყენება სასუქად. 

ნიადაგის დაცვა და მიწის რეგენერაცია ფერმის კიდევ ერთი პრიორიტეტია. ფერმაში არ გამოიყენება ქიმიური საშუალებები, აქ სპეციფიურ მცენარეებს და ხეებს აშენებენ, რომ შეინარჩუნონ ტენიანობა, გააუმჯობესონ ნიადაგი და გააძლიერონ ეკოსისტემა.



Sítio São João -ში მიდიან ფერმერები კონსულტაციებისთვის და ადგილზე ეცნობიან პრაქტიკულ მიდგომებს. მათთვის ეს სივრცე წარმოადგენს რეალურ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მდგრადი მეთოდების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში — წყლის მართვიდან და ნიადაგის გაუმჯობესებიდან დაწყებული, ნარჩენების ეფექტურ გამოყენებამდე. 

Sítio São João აქვს განათლების მიმართ პასუხისმგელობის მაღალი თამასა.  სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის იტენსიურად ტარდება სხვადასვა აქტივობები - ბავშვები ადგილზე ეცნობიან ეკოლოგიურ სისტემებს და სწავლობენ, როგორ მუშაობს მდგრადი სოფლის მეურნეობა პრაქტიკაში. სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც — მოწყობილია სპეციალური ბილიკები, რაც მათთვისაც უზრუნველყოფს გარემოს სრულფასოვან აღქმას.


ფერმა ჩართულია სხვადასხვა გარემოსდაცვით პროგრამაში, რომელიც დაკავშირებულია წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად განვითარებასთან. Sítio São João ამ მხრივ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება კერძო სივრცე გახდეს უფრო ფართო ეკოლოგიური ინიციატივების ნაწილი.


საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციას, IFAJ  - აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით, ჰქონდა  შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიის სოფლის მეურნეობას, მიღწევებს და პრობლემებს გაცნობოდა.


რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან