Agrindus - მერძევეობის თანამედროვე საოჯახო ფერმა ბრაზილიაში

სან-პაულოს შტატში, სან-კარლოსის რეგიონთან ახლოს მდებარეობს Agrindus (Letti) — ერთ-ერთი მსხვილი და ტექნოლოგიურად განვითარებული რძის ფერმა ბრაზილიაში.

ფერმა წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს, რომლის ისტორია 1945 წლიდან იწყება, როდესაც იანქების ოჯახი ევროპიდან  Fazenda Santa Rita-ზე, ქალაქ დესკალვადოში დასახლდა. მეურნეობა განვითარდა რთულ პირობებში, უნაყოფო და გამოფიტულ მიწებზე, რამაც თავიდანვე განსაზღვრა მისი ძირითადი მიდგომა — რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემოსთან ადაპტაცია.

შემდეგ ათწლეულებში ფერმა ეტაპობრივად გაფართოვდა: 1950-იან წლებში დაიწყო რძის გადამუშავება, 1960-იან წლებში — ყველის წარმოება, ხოლო 1970-იანებში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბრაზილიაში კომერციულად განავითარა „ B ტიპის“ რძის ბაზარი. 1990-იანი წლებიდან Agrindus გადავიდა „A ტიპის“ სისტემაზე, რაც სრულად კონტროლირებულ და დახურულ წარმოების ციკლს გულისხმობს.

2018 წელს შეიქმნა Letti-ს ბრენდი, რომელიც შეიცავს მხოლოდ A2 ბეტა-კაზეინის ცილას და მიიღება სპეციალურად შერჩეული გენეტიკის მქონე ძროხებისგან.

დღეს Agrindus-ს მართავენ ჟორჟ და რობერტო იანქები. 

მეურნეობაში საერთო ჯამში დაახლოებით 5,500 პირუტყვია, საიდანაც 2,500 მეწველი ფურია. საშუალო მონაწველი ერთ ფურზე შეადგენს 35–42 ლიტრს დღეში.

რძის ხარისხის მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია — ცხიმის შემცველობა საშუალოდ 3.5%–4.2%-ის ფარგლებშია, ხოლო პროტეინის — 3.2%–3.6%. წარმოება შეესაბამება „A ტიპის“ სტანდარტს, რაც გულისხმობს მინიმალურ ბაქტერიულ დატვირთვას და სრულ კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე.


ფერმა იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ავტომატურ წველის სისტემებს, თითოეული ცხოველის ინდივიდუალურ მონიტორინგს და კვების ზუსტი მართვის მოდელებს. ასევე, დანერგილია რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკები, მათ შორის ორგანული ნარჩენების გადამუშავება..

საწარმოო სისტემა მორგებულია რეგიონულ კლიმატურ პირობებზე. მაღალი ტემპერატურისა და სეზონური გვალვის პირობებში გამოიყენება გაგრილების სისტემები, სარწყავი ინფრასტრუქტურა და საჩრდილებელი ზონები, რაც ამცირებს სითბურ სტრესს და ინარჩუნებს პროდუქტიულობას.

ბრაზილია მსოფლიო რძის წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და წლიურად დაახლოებით 35–37 მილიარდ ლიტრ რძეს აწარმოებს. ინდუსტრია აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიის დანერგვებისა და პრემიუმ სეგმენტის მიმართულებით.

რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან